15.03.2026 22:49
ჩვენ არასდროს გვითხოვია ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებებიც კი არასდროს გვითხოვია. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანი მზად არის, საკუთარი თავი იქამდე დაიცვას, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
„ეს არის ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით და გავაგრძელებთ, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი არ მივა დასკვნამდე, რომ ეს არის უკანონო ომი გამარჯვების გარეშე. იცით, ადამიანები იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ ტრამპს გართობა სურს. ეს არის ის, რაც მან თქვა", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემა Face the Nation-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ძირავს ხომალდებს და მიზანში იღებს სხვადასხვა ადგილს, რადგან მიაჩნია, რომ ეს სახალისოა.
„მან თქვა, რომ ძირავენ ხომალდებს და თავს ესხმიან სხვადასხვა ადგილს, რადგან ეს სახალისოა. ომის მდივანმა კი განაცხადა, რომ არანაირი მოწყალება არ იქნება და სინამდვილეში, ეს ომის დანაშაულია. ამის თქმაც კი ომის დანაშაულია. ასე რომ, ეს არის პრეზიდენტ ტრამპის და შეერთებული შტატების მიერ არჩეული ომი და ჩვენ თავის დაცვას გავაგრძელებთ", - განაცხადა აბას არაღჩიმ.
მისივე განმარტებით, ეს არ არის ომი გადარჩენისთვის.
„ჩვენ საკმარისად სტაბილური და ძლიერი ვართ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს ხალხს ვიცავთ ამ აგრესიის აქტისგან. ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა ვესაუბროთ ამერიკელებს, რადგან ჩვენ მათთან ვსაუბრობდით, როდესაც ჩვენზე თავდასხმა გადაწყვიტეს. და ეს მეორედ მოხდა", - აღნიშნა არაღჩიმ.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყანა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის. მისი განცხადებით, ირანის სამიზნეს წარმოადგენს მხოლოდ ამერიკული ობიექტები და ამერიკული სამხედრო ბაზები.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ „ზუმის" მეშვეობით გვესაუბრებით, ირანელებს ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, თუმცა თქვენ გაქვთ, რატომ?", - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „მე ირანელების ხმა ვარ და მათი უფლებები უნდა დავიცვა. სწორედ ამიტომ მაქვს ინტერნეტთან წვდომა, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ჩვენი ხმა გაიგოს. ინტერნეტზე წვდომა უსაფრთხოების მიზნით შეზღუდულია, რადგან ირანი თავდასხმისა და აგრესიის ქვეშ იმყოფება და ჩვენ საკუთარი ხალხის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".
ავტორ(ებ)ი :