14.01.2026 23:59
მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერება ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებაზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ეს არ შეეხება სასწავლო, საქმიან თუ სამოგზაურო ვიზებს.
„არ ვიცით, ჯერ ალბათ ოფიციალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადად, საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო - პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.
რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი, თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ფოქს ნიუსმა" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ტიპის ვიზების გაცემას შეაჩერებს. „ფოქს ნიუსის" ცნობით, „ვიზაზე უარი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ". ამასთან, მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.
ავტორ(ებ)ი :